რატომ დავსვი ჩემი 6 წლის შვილი ენდურო მოტოზე

რატომ დავსვი ჩემი 6 წლის შვილი ენდურო მოტოზე

18 მაისი, 2026

ალბათ ბევრი მშობლისთვის ბავშვის მოტოზე დასმა რთული გადაწყვეტილებაა. ეს მესმის. ყველას თავისი შიში, წარმოდგენა და ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს. არც მე მაქვს უფლება, ვინმეს შეხედულება განვსაჯო.

მე უბრალოდ ჩემსას ვამბობ.

ვიღაცისთვის ეს შეიძლება ახლო და გასაგები იყოს. ვიღაცისთვის კი სიგიჟე. ვიღაცისთვის შეიძლება საერთოდ არაადეკვატური მშობლის ნააზრადაც გამოჩნდეს. მაგრამ ეს ჩემი გამოცდილებაა, ჩემი ბავშვობიდან წამოსული შეხედულება და ჩემი პირადი დამოკიდებულება იმაზე, თუ რა შეუძლია სპორტს ბავშვის ხასიათისთვის.

ჩემი ბავშვობა რბილი არ ყოფილა

ჩემი მშობლები დიდად არ გამოირჩეოდნენ შვილის მიმართ ზედმეტად შემწყნარებლური ხასიათით. მათთვის ჩემგან რაიმე სახის სისუსტის გამოვლენა არასდროს ყოფილა მისაღები არგუმენტი.

მამამ 3 წლის ასაკში კარატეზე შემიყვანა და მწვრთნეთან დაახლოებით ასეთი სიტყვებით დამტოვა: „არ დაინდოთ არანაირად“ :D

კარატის და ქიქბოქსის ტრენერებს ისეთი მკაცრი დასჯის მეთოდები ქონდათ, მუშტებზეც იდგებოდი და რინგზეც გაელახეთ ჯობდა ))

ვიღაცისთვის შეიძლება ეს მიუღებელი იყოს. ვიღაც უფრო რბილ აღზრდას ემხრობოდეს. მესმის ესეც. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ჩემი პირადი აზრია, რომ მამაჩემმა მაშინ ძალიან დიდი საქმე გამიკეთა. მთელი ცხოვრება მისი მადლობელი ვიქნები.

ბავშვობიდან მასწავლა არ დანებება, ბოლომდე ბრძოლა, ტკივილის ატანა, წაქცევის შემდეგ ადგომა და საკუთარი თავის არ შეცოდება.

შეიძლებოდა ეს ყველაფერი სხვანაირად ესწავლებინა? არ ვიცი.

მაგრამ ჩემზე იმუშავა.


ახლა მე 6 წლის გოგო მყავს

დღეს მე 6 წლის გოგო მყავს და ბევრ რამეს თითქმის იგივე პრინციპით ვუყურებ. არ ვამბობ, რომ ყველა ასე უნდა მოიქცეს. არ ვამბობ, რომ ეს ყველასთვის სწორი გზაა. მაგრამ მე რაც სპორტმა მასწავლა, მინდა, ჩემს შვილსაც ის ვასწავლო.

არა იმიტომ, რომ ბავშვმა უბრალოდ მოტო ატაროს.

არამედ იმიტომ, რომ ისწავლოს შიშთან შეჯახება. ისწავლოს, რომ თუ დაეცა, უნდა ადგეს. თუ ეტკინა, ეს სამყაროს დასასრული არ არის. თუ რაღაცის ეშინია, ეს ყოველთვის გაჩერების მიზეზი არ უნდა იყოს.

რა შევამჩნიე მას შემდეგ, რაც მოტოზე დაჯდა

მას შემდეგ, რაც ბავშვი მოტოზე დავსვი, ცვლილება აშკარად შევამჩნიე.

უფრო და უფრო სწავლობს შიშის დაძლევას. სწავლობს საკუთარი შესაძლებლობების ზღვარის წინ გადაწევას. თავიდან, როცა სირთულეს ხედავს, ხშირად უარს ამბობს და ამბობს, რომ ვერ იზამს. მერე აკეთებს. მერე თავდაჯერებულობა ემატება. მერე უკვე უფრო რთულ დაბრკოლებასაც რისკავს.

პირველად, როცა პატარა დაღმართზე დავაყენე, უარს ამბობდა ჩამოსვლაზე. ეშინოდა. წინ დავუდექი და ნელ-ნელა ჩამოვიყვანე. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს დაძალება იყო. შეიძლება ასეც დაინახოს. მაგრამ ჩემთვის ეს იყო ის მომენტი, როცა ბავშვს სჭირდებოდა პატარა ხელის კვრა.

როგორც კი 2-3-ჯერ ჩამოვიდა, მერე თვითონ ადიოდა და თვითონ ეშვებოდა. შიში გადალახა. იმ ბარიერს, რომელსაც მანამდე ვერ ეკარებოდა, უკვე თვითონ უბრუნდებოდა.

ზუსტად ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი.

ხანდახან ბავშვი თვითონ ვერ გადადგამს პირველ ნაბიჯს. ხანდახან სჭირდება, რომ ვიღაცამ ხელი ჰკრას — არა იმიტომ, რომ გატეხოს, არამედ იმიტომ, რომ აჩვენოს: შეუძლია.

ზოგ ბავშვს ხელის კვრა სჭირდება, ზოგს — დამუხრუჭება

ყველა ბავშვი ერთნაირი არ არის.

ზოგი ბუნებრივად ფრთხილია. ზოგს ეშინია და პირველივე სირთულეზე უკან იხევს. ასეთ ბავშვს ხანდახან მართლა სჭირდება პატარა ბიძგი, ცოტა დაძალება, ცოტა „წადი, გააკეთე, შეგიძლია“.

ზოგი ბავშვი პირიქით არის — ზედმეტად გამბედავი, ზედმეტად სწრაფი, ზედმეტად დაუფიქრებელი. ასეთ ბავშვს პირიქით, დამუხრუჭება სჭირდება.

მშობელმა უნდა დაინახოს, რომელი ტიპის ბავშვი ჰყავს. ვის უნდა ხელის კვრა და ვის უნდა შეჩერება.

მე არ მჯერა იმ მიდგომის, რომ ბავშვი ყოველთვის კომფორტში უნდა იყოს. კომფორტში ხასიათი იშვიათად ყალიბდება. ხასიათი უფრო ხშირად იქ ყალიბდება, სადაც ცოტა შიშია, ცოტა ტკივილია, ცოტა წინააღმდეგობაა და მაინც უნდა გააგრძელო.

ეს მხოლოდ მოტოს არ ეხება

ეს არ ეხება კონკრეტულად ენდურო მოტოს.

იგივე შეიძლება იყოს ველოსიპედი, ცურვა, ტანვარჯიში, კარატე, ფეხბურთი, ცეკვა ან ნებისმიერი აქტივობა, სადაც ბავშვს შიში, ტკივილი, წაქცევა და საკუთარი თავის დაძლევა უწევს.

ალბათ ყველას გვსმენია ისტორიები, ბავშვი აუზში როგორ ჩაუგდიათ, რომ ცურვა ესწავლა. ვიღაცისთვის ეს საშინლად ჟღერს. ვიღაცისთვის — ნორმალურად. ფაქტია, ბევრ შემთხვევაში ასეთი მკვეთრი მომენტი ბავშვს პირველ შიშს ატეხინებს.

არ ვამბობ, რომ ყველა ბავშვი აუზში უნდა ჩააგდო ან ყველაფერში ძალა უნდა გამოიყენო. მაგრამ იმას ვამბობ, რომ ხანდახან ზედმეტი მოფრთხილება ბავშვს უფრო მეტად აზიანებს, ვიდრე პატარა მკაცრი ბიძგი.

ხანდახან ხელის კვრა ძალადობა არ არის.

ხანდახან ხელის კვრა ერთადერთი სწორი მოქმედებაა, რომ ბავშვმა საკუთარი შიში გადალახოს.

რეალური სამყარო რბილი არ არის

ჩვენი, როგორც მშობლების, მოვალეობა მარტო ის არ არის, რომ ბავშვს ყველაფერისგან დავიცვათ და ყველა სირთულე ავარიდოთ.

ჩვენი მოვალეობაა, ბავშვი რეალური სამყაროსთვის მოვამზადოთ.

რეალურ სამყაროში არავინ დაგხვდება სულ მოფერებით. არავინ გაგიწევს ყოველთვის გზას. არავინ აგარიდებს ყველა ტკივილს, ყველა მარცხს, ყველა უსიამოვნებას.

ბავშვს მოუწევს თანატოლებთან ურთიერთობა. მოუწევს მარცხი. მოუწევს უსამართლობა. მოუწევს კონკურენცია. მოუწევს დაცემა და ისევ ადგომა.

მშობელი ვერ ეყოლება გვერდით ყველგან — არც სკოლაში, არც უნივერსიტეტში, არც სამსახურში, არც ცხოვრების ყველა რთულ მომენტში.

ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვმა ბავშვობიდანვე ისწავლოს საკუთარი თავის რწმენა.

რატომ არის სპორტი მნიშვნელოვანი

სპორტი, იქნება ეს ენდურო მოტო, კარატე, ცურვა თუ სხვა რამ, პირველ რიგში იმიტომ არის კარგი, რომ ბავშვს მენტალურ ბარიერებს ამსხვრევინებს.

მოტო სპორტი არ არის მხოლოდ ფიზიკური აქტივობა. იქ მარტო გაზის მიცემა და საჭის დაჭერა არ არის.

ბავშვი სწავლობს:

  • კონცენტრაციას;
  • კოორდინაციას;
  • სწრაფ რეაგირებას;
  • სხეულის კონტროლს;
  • მოტოს წონის მართვას;
  • დაბრკოლების დანახვას;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას;
  • ტკივილის ატანას;
  • შიშის კონტროლს;
  • პასუხისმგებლობას.

ეს ყველაფერი მერე მხოლოდ მოტოზე არ რჩება. ეს გადადის ხასიათში. გადადის სხვა ქცევებში. გადადის იმაში, როგორ რეაგირებს ბავშვი სირთულეზე.

მოტო ასწავლის ყურადღებას

ჩემი აზრით, მოტო განსაკუთრებით კარგი შეიძლება იყოს ცოტა გაფანტული ყურადღების ბავშვებისთვისაც.

იმიტომ, რომ აქ ყურადღების გაფანტვას მაშინვე აქვს შედეგი. თუ არ უყურებ გზას, თუ არ აკონტროლებ სხეულს, თუ არ ფიქრობ, სად მიდიხარ — შეიძლება წაიქცე.

და ზოგჯერ 1-2 კარგი წაქცევა ბავშვს იმაზე უკეთ ასწავლის კონცენტრაციას, ვიდრე ათასი სიტყვა.

ეს ცუდად არ უნდა გავიგოთ. მე არ მიხარია ბავშვის წაქცევა. არც რომელიმე მშობელს უხარია. მაგრამ წაქცევა სპორტის ნაწილია. ტკივილიც სპორტის ნაწილია. შეცდომაც სპორტის ნაწილია.

და თუ ბავშვი ამ ყველაფერს უსაფრთხო გარემოში, ეკიპირებით და კონტროლით სწავლობს, ჩემი აზრით, ეს ბევრად ჯანსაღია, ვიდრე ის, რომ საერთოდ არ ჰქონდეს ასეთი გამოცდილება.

რაც ჩემს შვილში შეიცვალა

საბოლოო ჯამში, რაც ბავშვი მოტოზე დაჯდა, აშკარად ვატყობ ცვლილებებს.

უფრო კონცენტრირებულია.
უფრო გამბედავია.
ხანდახან ზედმეტადაც კი :D
უფრო სწრაფად რეაგირებს.
უფრო სხარტად პასუხობს სიტუაციებს.
შედარებით გაეზარდა ტკივილის მიმღებლობა.
ნაკლებად პანიკდება პატარა წაქცევაზე.
უფრო მეტად სჯერა, რომ რაღაცას შეძლებს, თუ ცდის.

და ჩემთვის ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ ის, კარგად ატარებს თუ არა მოტოს.

პასუხისმგებლობა მოტოს მიმართ

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ არის ის, რომ ბავშვი ამ ასაკშივე სწავლობს, რამდენად საშიშია მოტო და რამდენად მარტივია, წაიქცე და იტკინო.

ეს ძალიან კარგია.

იმიტომ, რომ თავიდანვე სწავლობს პასუხისმგებლობით მოქცევას. სწავლობს, რომ მოტო სათამაშო არ არის. სწავლობს, რომ დაუფიქრებლობას შედეგი აქვს.

ჩემი აზრით, ეს მომავალში რისკებს უფრო ამცირებს. ბავშვი, რომელიც პატარაობიდანვე ხვდება ტექნიკის ძალას და საფრთხეს, მომავალში უფრო ფრთხილად და გააზრებულად მოექცევა მას.

საბოლოოდ

მე არ ვამბობ, რომ ყველა მშობელმა შვილი მოტოზე უნდა დასვას.

არ ვამბობ, რომ ჩემი გზა ყველასთვის სწორია.

მაგრამ ჩემს შემთხვევაში, ჩემი ბავშვობის, ჩემი გამოცდილების და ჩემი შეხედულებების მიხედვით, მე მჯერა, რომ ბავშვს სჭირდება გამოწვევა. სჭირდება წინააღმდეგობა. სჭირდება ხანდახან შიშთან პირდაპირ შეჯახება.

ზედმეტი კომფორტი ბავშვს არ ამზადებს ცხოვრებისთვის.

  • სპორტი ამზადებს.
  • დაცემა ამზადებს.
  • ტკივილი ამზადებს.
  • შიშის გადალახვა ამზადებს.

და თუ ენდურო მოტო ჩემს შვილს ასწავლის, რომ არ დანებდეს, არ შეეშინდეს პირველი სირთულის, წაქცევის შემდეგ ადგეს და ისევ სცადოს — მაშინ ჩემთვის ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ მოტოს ტარება.

ეს ხასიათის მშენებლობაა.